logo
ENG



რუსეთის სპეცსამსახურებს კადიროვიდან ისრების გადმოტანა სურთ:კილაძე სუს-ში მივიდა

25 ივნ 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

„ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე მივიდა. მისი გამოკითხვა უწყებაში უკვე საათზე მეთხანს მიმდინარეობს. მისი გამოკითხვა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეს ეხება.

როგორც კილაძე ამბობს, მისთვის უცნობია თუ რა ტიპის კითხვები აქვს გამოძიებას, რადგან, მისი განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მას დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

შესაძლოა გამოძიებას ჰქონდეს შეკითხვები კომუნიკაციაზე, რომელიც მას ერთ-ერთ უკრაინელ ჟურნალისტთან ჰქონდა. კილაძე ამბობს, რომ ოლეგ დეინეკა მას დაახლოებით მარტში დაუკავშირდა და უთხრა, რომ მასთან კონსულტაციის გავლა სურდა გარკვეულ პროექტთან დაკავშირებით.

„ოლეგ დეინეკა დამიკავშირდა მე 6 მარტს. მითხრა, რომ ქართულ-უკრაინულ მედია პროექტთან დაკავშირებით მას ჩემთან კომუნიკაცია უნდა. სულ ორი წინადადებით ვისაუბრეთ. მოგვიანებით ვნახე ეს მესიჯი. 3 მაისს ვუპასუხე და მივეცი ჩემი საკონტაქტო ნომერი, თუმცა მას შემდეგ ის ჰორიზონტზე არ გამოჩენილა. გაბუნიას პოლიტიკურ გეგმებზე ინფორმაცია არ მაქვს. რა თქმა უნდა არანაირი ანტიპუნისტური ორგანიზაციის ან მოძრაობის კოორდინატორად, სპიკერად ჩემს თავს არ მოვიაზრებ. ახლა მგონია, რომ ახალი ვერსიაა შემოთავაზებული. ეს უკრაინელი ჟურნალისტი პრორუსული ორიენტაციის არის. უკრაინაშივე დასავლური ორიენტაციის მქონე პარტიების წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებდა. მგონია, რომ მისი მეშვეობით ხდება რუსული სპეცსამსახურების მხრიდან ისრების გადატანა კადიროვიდან აბსოლუტურად სხვა ვერსიაზე“, - განაცხადა ელისო კილაძემ.

შეგახსენებთ, 15 ივნისს, „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ფორმულას" ინფორმაცია დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

საქმეს თავად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. მან გიორგი გაბუნიასგან დაჩოქება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა. მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია დაკითხეს. 


close დახურვა